logo
ENG



"საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის განათლებისთვის " - ზვიადაძე 35 მილიონზე

19 მარ 202414:21
3 წუთის საკითხავი
clock 416

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გაზრდილ დაფინანსებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა" და ეს ყველაფერი განათლებისთვისაა.

ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ზვიადაძე აღნიშნავს, რომ "ძალიან კარგად იცნობს" კობახიძეს და დარწმუნებულია, რომ მან გადაწყვეტილება განათლების მხარდასაჭერად მიიღო. 

"საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა. ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე არსებითი, რაზეც ეს ქვეყანა დგას - განათლება. ყველა გრანტი და ყველა დაფინანსება, რა თქმა უნდა, უკავშირდება განათლებას, ცოდნას, სულიერ ამაღლებას. 

გვინდა, გამოვხატოთ ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართ. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ძალიან კარგად ვიცნობ პრემიერმინისტრს და ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება განათლების მხარდასაჭერადაა მიღებული", - აცხადებს ზვიადაძე. 

მისივე თქმით, დაფინანსების გაზრდა არჩევნებთან არავითარ კავშირში არაა, რადგან ეკლესია "არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს". 

"ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ არანაირად არჩევნებს არ უკავშირდება, იმიტომ, რომ ეკლესია, თქვენ იცით, რომ ეკლესია არანაირ პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს. ეს კარგად იცით თქვენ. ასეთი გადაწყვეტილების დაკავშირება არჩევნების მოახლოებასთან, ჩემი აზრით, ეს მართებული და სწორი არ არის", - ამბობს ზვიადაძე. 

***

მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 35 მილიონი ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხა არ შედის იმ წლიურ დაფინანსებაში, რომელსაც მთავრობა საპატრიარქოს 25 მილიონი ლარის სახით აძლევს.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგანმანათბელო დაწესებულებებისთვის დაფინანსების გამოყოფა წლევანდელ ბიუჯეტში შარშან ჩაიდო. როგორც ის განმარტავს, საჭირო გახდა, რომ გამოყოფილი 30 მილიონი კიდევ 5 მილიონით გაზრდილიყო, რათა "საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს". 

 

 

 

close დახურვა